ოლიმპიადას ყველაზე უფრო ეს მუსიკა უხდება, არა? ეს თამაშები ხომ მშვიდობის ყველაზე ორიგინალური მარშია ჯერ კიდევ ნორმალურ მსოფლიოში.

ლოგოს მოფიქრება, ზოგადად, საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. თავი რომ დავანებოთ ფოტოშოფურ ჯადოქრობას, ეს საქმე კრეატიულობასა და ორიგინალურობას მოითხოვს. იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული, ოლიმპიური ლოგო უნდა მიუთითებდეს მასპინძელ ქვეყანაზე/ადგილზე, ამასთან ერთად, ოლიმპიური თამაშების, მშვიდობისა და მრავალეროვნების ელემენტებიც უნდა ერიოს. თუმცა ყოველივე ამის მოფიქრება და ჰარმონიულად ურთიერთშეთანხმება არც ისე ადვილია. ასე, მაგალითად, ზემოთ ნაჩვენები ემბლემა, რომლითაც რიო-დე-ჟანეირო 2016 წელს იამაყებს, შესაძლოა, კომპანია Telleuride Foundation-ისგან არის „ნასესხები“.

ამ საკითხზე ეჭვი უკვე გამოითქვა, თუმცა დიზაინერები ირწმუნებიან, რომ პლაგიარიზმს ადგილი არ ჰქონია.

ეს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ემბლემაა, რომელიც ბრენდინგის სააგენტო Interbrand-სა და „სოჭი 2014“-ის ორგკომიტეტის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ოფიციალური რელიზის თანახმად, ლოგოში გამოტანილი ინტერნეტის ერთგვარი აღმნიშვნელი “.ru” მიუთითებს ახალ, კიბერ თაობასა და მსოფლიო მოვლენების ახლებურ ხედვაზე.

ლონდონის 2012 წლის საზაფხულო ოლიმპიადის ლოგო სააგენტო Wolff Olins-მა 400,000 ფუნტად შექმნა. მრავალკუთხოვან ფიგურებად გამოსახულ 2012-ზე დატანილია London და ოლიმპიური თამაშების სიმბოლო 5 რგოლი. ემბლემის პრეზენტაციის დროს ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ლოგო პოზიტიურ ფერებშია გადაწყვეტილი, თუმცა პროტესტის გარეშე არც ამას ჩაუვლია.

ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის ემბლემად ქანდაკება-ინუკშუკი იყო გამოსახული, რაც ინუკტიტუტის ენაზე „მეგობარს“ ნიშნავს. გამოსახულების ნიმუში რეალური ქანდაკებაა, რომელიც ვანკუვერში, ინგლისის ყურეს ნაპირზე დგას. მწვანე, ლურჯი და ცისფერი ფერები ტყეს, მთებსა და ოკენეს განასახიერებს, წითელი – ნეკერჩხლის ფოთოლს (რომელიც კანადის დროშაზეა გამოსახული), ხოლო ყვითელი – ამომავალ მზეს.

პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ემბლემის სახელია “Chinese Seal-Dancing Beijing”.  წითელი ფერი ჩინეთის აღმნიშვნელია, მასზე გამოსახული მორბენალი ფიგურა კი ჩინურ იეროგლიფსაა მიმსგავსებული. იგი ჰგავს ჩინურ გმირ „ჯინგს“, რომელიც ოლიმპიადის წელიწადს იცავს.

ტურინის 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადის ემბლემაზე გამოსახულია „მოლე ანტონელიანას“, შენობა, რომელიც თვითონ ტურინის სიმბოლოა. ლოგო თოვლიანი მთისა და ფიფქების ასოციაციასაც იწვევს. თოვლის კრისტალები ერთმანეთს ეკვრის და ქმნის ოლიმპიის მარადიული ერთობის ახალ ტექნოლოგიებს.

ათენის 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადის სიმბოლოდ რომ ზეთისხილის გვირგვინი იქცეოდა, ეს გასაკვირი არც იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბერძნეთი ოლიმპიური თამაშების აკვანია, ხოლო ზეთისხილის გვირგვინი დღესაც გამარჯვებულის დასაჯილდოებლად გამოიყენება. სხვათა შორის, ანტიკურ ხანაში ზეთისხილი ათენის წმინდა ხე იყო.

სოლტ-ლეიქ-სიტის 2002 წლის ზამთრის ემბლემა 1200 პროექტიდან ამოირჩიეს. ეს არის ღია ფერებში შესრულებული თოვლის ფიფქი, რომელიც იუტას შტატთან ასოცირდება: მრავალფეროვანი ლანდშაფტი, რეგიონის უნიკალური განლაგება და ოლიმპიური სული – ყველაფერი მოექცა ამ ერთ სიმბოლოში. შედეგად, შტატის მცხოვრებლები კმაყოფილი დარჩნენ.

სიდნეის 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ლოგოზე გამოსახულია მორბენალი სპორტსმენი. მასში შერწყმულია ბუმერანგი, მზე, კლდეები და ტალღები, რომლითაც ასე ცნობილია ავსტრალია.

ნაგანოს 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სიმბოლო ფერადი ყვავილია. მისი ფოთლები ზამთრის სპორტის ამა თუ იმ სახეობის მონაწილის ფორმისაა. იგი აგრეთვე ფიფქსაც მოგვაგონებს და ყვავილსაც, რითაც ხაზი გაესვა ბუნების დაცვის საკითხსაც.

ატლანტას 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ემბლემა თამაშების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მასზე გამოსახული ჩირაღდნის ტარი სწორედ ამ თარიღს აღნიშნავს, ზედა ნაწილი ოლიმპიურ რგოლებადაა გამოსახული, ხოლო ჩირაღნიდან ამომავალი ცეცხლი ნელ-ნელა ვარსკვლავებად გარდაიქმნება. ეს კი ყოველი ოლიმპიელის ოცნებაზე მიუთითებს, განვითარდეს სრულყოფილებამდე. რაც შეეხება ფერებს: ოქროსფერი უმაღლეს ჯილდოს – ოქროს მედლებს განასახიერებს, მწვანე ფერი დაფნის გვირგვინზე მიუთითებს, რომლითაც ძველ დროს გამარჯვებულებს აჯილდოებდნენ. ამასთან ერთად, მწვანე ატლანტის ფერიცაა და მის ურიცხვ ხეს განასახიერებს.

ლილეჰამერის 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადის ემბლემაზე ნორვეგიელებმა პოლარული ნათება გამოსახეს. ეს კი, თავის მხრივ, სასწაულთან, ბუნების ძალასა და ენერგიასთან ასოცირდება.

ბარსელონას 1992 წლის ზაფხულის თამაშების ლოგო ხოსე მარია ტრიასმა შექმნა. როგორც ხედავთ, ემბლემაზე გამოსახულია ბარიერზე მხტომი სპორტსმენი, ბარიერს კი თავად ხუთი რგოლი წარმოადგენს.

ალბერვილის 1992 წლის ზამთრის ოლიმპიადის ლოგო სავოიის ოლქის ფერებშია შესრულებული. მისი მიზანია, გააერთიანოს მთიანი რეგიონი და სპორტი.

სეულის 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ემბლემა სამხრეთ კორეული სამტაეგუკის ანალოგია. სამტაეგუკი ამ ქვეყნის ეროვნული დეკორატიული სიმბოლოა, რომლებიც ამშვენებს მარაოებს, ფრანებს და დროშასაც კი. თვითონ ემბლემის არსი ორგვარად შეიძლება გავშიფროთ, ერთი, როგორც სარბენი მოედანი და მეორე, როგორც ცენტრისაკენ სწრაფვა. ვინაიდან ოლიმპიადის ადგილი მოცემულ მომენტში მსოფლიო მშვიდობის მანიფესტს წარმოადგენს, ცენტრისაკენ მიმავალი მრავალი ფერი ერთ ადგილას შეკრებილ მრავალი ეროვნების ადამიანსაც აღნიშნავს.

კალაგარის 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადა ერთი შეხედვითაც ფიფქს მოგვაგონებს, რომელიც, სიმბოლურად, ოლიმპიური რგოლების ნახევარრკალებითაა აგებული. იგი აგრეთვე არის კანადის დროშაზე გამოსახული ნეკერჩხლის ფოთლის ანალოგი, რითაც ხაზს უსვამს თამაშების ადგილს. კიდევ ერთი მინიშნება: ნახევარრკალი თავისთავად ჰგავს ლათინურ C ასოს, რომელზეც იწყება კანადაც (Canada) და კალაგარიც (Calagary).

ლოს-ანჯელესის 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ემბლემა აშშ-ის დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამი ვარსკვლავია. მათი ჰორიზონტალური ხაზები სიჩქარისა და წინსწრაფვის სიმბოლოა, ხოლო თვითონ ვარსკვლავები – მონაწილეთა სრულყოფილებისაკენ ლტოლვისა. სამი ვარსკვლავი შეჯიბრსაც მოგვაგონებს, სადაც სამი მონაწილე მთელი ძალით მიისწრაფის გამარჯვებისაკენ.

სარაევოს 1984 წლის ზამთრის ოლიმპიადის სიმბოლო სტილიზებული ფიფქია, რომელსაც, აგრეთვე, ამ მხარისათვის დამახასიათებელი მოქარგულობის ფორმა აქვს.

საბჭოთა კავშირის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ეს ლოგო კარგად ემახსოვრება ჩვენს უფროს თაობას. ვლადიმერ არსენტიევის მიერ შექმნილი ემბლემა წარმოადგენს ოლიმპიურ ტრასასაც და კრემლსაც, რომელიც წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავით ბოლოვდება.

ლეიკ პლასიდის 1980 წლის ზამთრის ოლიმპიადის ლოგოს მარჯვენა ნაწილში გამოსახულია ერთგვარი მთა, რაც ამ ადგილის შესახებ იძლევა ცნობას. ოლიმპიური ბილიკები მკვეთრად ზევითკენ მიისწრაფის, რაც ბერძნული კოლონის სილუეტს ქმნის. დაბოლოება კი ერთგვარი ცეცხლის ალია, რაც სიმბოლურად უკავშირდება აშშ-ის ზუსტად ამ ადგილას გამარჯვებას 1932 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

მონრეალის 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ემბლემის მოხაზულობა ხუთი რგოლიდან გამომდინარეობს და ოლიმპიური კვარცხლბეკის ანალოგს ქმნის. ამასთან ერთად რგოლებზე დამატებული მოხაზულობა, თავის მხრივ, სტილიზებული M ასოა, რაზეც მონრეალი იწყება. ცენტრში მოთავსებული წაგრძელებული რგოლი კი ოლიმპიადის ცენტრალურ ადგილს – სარბენ ბილიკს – მოგვაგონებს.

ინსბრუკის 1976 წლის ზამთრის ოლიმპიადის ემბლემა თვითონ ამ ქალაქის გერბიდან მომდინარეობს. ცენტრში მოთავსებული ხიდი მდინარე ინზე გადის, საიდანაც ამ ავსტრიული ქალაქის სახელი გაჩნდა. თავად ხიდიცა და ოლიმპიადის ხუთი რგოლიც მეგობრობის, მშვიდობისა და ერთობის სიმბოლოა, რომელიც ასე განალაგეს აღნიშნულ ლოგოზე.

მიუნხენის 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ლოგოზე გამოსახულია ერთგვარი გვირგვინი, რომელიც ნათელის სხივებს აფრქვევს. ამით გამარჯვებულის დიდებაა ნაჩვენები. შესაძლოა, სწორედ ამის ხაზსასმელად აირჩია დიზაინერმა ოტლ აიხერმა ყველაზე ურთიერთსაპირისპირო ფერები.

საპოროს 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლოგო კაზუმასა ნაკაის ეკუთვნის. მისი ნამუშევარი აღმოჩნდა ის იღბლიანი, რომელიც 8 საუკეთესო იაპონელი დიზაინერის კონკურსში აირჩიეს. აქ ხაზი მარტივ და ორიგინალურ სათქმელს გაესვა: 1) ამომავალი მზე – იაპონია, 2) თოვლის ფიფქი – ზამთრის ოლიმპიადა, 3) ხუთი რგოლი – ოლიმპიადის სიმბოლო.

მექსიკის 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ლოგოტიპი სამმა შეიმუშავა: პედრო რამირეს ვასკესმა – არქიტექტორმა და ოლიმპიადის ორგანიზაციული კომიტეტის პრეზიდენტმა, მექსიკელმა ედუარდო ტერასასმა და ამერიკელმა ლენს უაიმანმა. ემბლემა ერთგვარი ხლართია ქალაქის სახელწოდების, თარიღისა და ოლიმპიადის სიმბოლოსა.

გრენობლის 1968 წლის ზამთრის ოლიმპიადას საფრანგეთმა უმასპინძლა. მის ემბლემაზე გამოსახულ რგოლებთან ერთად, სამი წრით შემოსაზღვრული ფიფქია. ეს უკანასკნელი ზამთარს აღნიშნავს, წრეები კი ვარდებს განასახიერებენ, რომლებიც ამ ქალაქის სიმბოლოა.

ტოკიოს 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლოგოს დიზაინი იუსაკუ კამეკურას ეკუთვნის. მრავალ ვერსიას შორის კომიტეტმა სწორედ ეს აარჩია: ოლიმპიადის სიმბოლოს თავზე ამომავალი მზე.

ინკსბურგის 1964 წლის ზამთრის ოლიმპიადის ემბლემად ამ ავსტრიული ქალაქის გერბია აღებული (ისევე, როგორც 1976 წელს). მასზე გამოსახული ხიდი ერთობისა და მშვიდობის სიმბოლოა.

რომის 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ემბლემაზე რომის დაარსების ლეგენდაა გაცოცხლებული. ძუ მგლის მიერ გაზრდილი ტყუპი ძმები რომულუსი და რემუსი, რომელთაც მარადიული ქალაქი დააარსეს. მათი გამოსახულების ქვეშ კი რომაული ციფრებით დაწერილია ოლიმპიადის ჩატარების წელი.

სქუაუ ველის 1960 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე აშშ-ის სტილიზებული დროშაა გამოსახული, რომელიც სამ სამკუთხედში იკითხება. ამ ფიგურების განლაგება კი, ერთი მხრივ, ვარსკვლავს მოგვაგონებს, მეორე მხრივ კი – თოვლის ფიფქს.

მელბურნის 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ლოგოზე ავსტრალიის კონტინეტია გამოსახული. იგი ნაკლებადაა სიმბოლოებით დატვირთული და სათქმელს პირდაპირ ამბობს. სხვათა შორის, ამ წლის ოლიმპიადის ყველა თამაში ავსტრალიაში არ ჩატარებულა, ნაწილი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა. თუმცა ოლიმპიადის ოფიციალურ მასპინძლად მელბურნი დარჩა.

კორტინა დ’ამპეცოს 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლოგო მრავალქიმიანი ვარსკვლავი და ფიფქია. ეს ემბლემა 79 მხატვრის მიერ შექმნილ 86 ნამუშევარსშორის აირჩიეს.

ჰელსინკის 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ემბლემაზე თავად ოლიმპიური სტადიონი იყო გამოსახული. ფერები კი ფინეთის დროშისაა.

ოსლოს 1952 წლის ზამთრის ოლიმიური თამაშების ლოგოზე გამოსახულ რგოლებს მიღმა ოსლო ტაუნ ჰოლის შენობაა. რაც შეეხება ნორვეგიულ წარწერას, იგი ასე ითარგმნება: “VI ოლიმპიური თამაშები ოსლოში”.

ლონდონის 1948 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ელეგანტურ ემბლემაზე ბიგ-ბენი იყო გამოსახული. საათის ისრები კი 4:00-ს უჩვენებდა, თამაშების გახსნის დროს.

სენ მორიცის 1948 ზამთრის ოლიმპიური თამაშები 12-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. II მსოფლიო ომის შემდეგ დაშლილ-დაუძლურებული ევროპა და მსოფლიო პირველად შეეცადა, დროებით გაერთიანებულიყო მშვიდობის სახელით.

ბერლინის 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ნაცისტური რეჟიმის მბრძანებლობის ქვეშ ჩატარდა. რაც შეეხება ემბლემას, იგი სრულიად შემთხვევით მოიგონეს. გადაწყვეტილი იყო, რომ 5 ოლიმპიური რგოლის მიღმა ბერლინის სიმბოლო, ბრანდენბურგის კარიბჭე გამოესახათ, თუმცა ეს იდეა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს არ მოეწონა. მისი შესწორებით, ბრანდენბურგის კარიბჭის კონტურები ქვემოთ ჩამოაგრძელეს და გამოსახულება ზარს დაემსგავსა. გერმანელებმა ამ ზარს მაშინვე მოუძებნეს გამართლება და გერმანულად დააწერეს “მოვუწოდებ მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობას!” ემბლემაზე მუშაობა გაგრძელდა და მას დაემატა ნაცისტური არწივი, რომელმაც ოლიმპიური რგოლები “დაიჭირა”. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს ემბლემა ყველაზე გავრცელებული და გამოყენებადი გამოსახულება იყო ბერლინში.

გარმიშ-პარტენკირხენის 1936 წლის ზამთრის ოლიმპიადის ლოგოზე გამოსახულია ბავარიული ალპები და სათხილამურო ტრასა.

ლოს-ანჯელესის 1932 წლის ზაფხულის ოლიმპიადა “დიდ დეპრესიას” დაემთხვა, რამაც ზეიმზე დასწრება გაართულა. ბევრ მსურველს, უბრალოდ, ფული არ ეყო იმისთვის, რომ ოკეანე გადაელახა და თამაშებს დასწრებოდა. ოლიმპიადას არც პრეზიდენტი ჰუვერი დასწრებია, რითაც პირველი ლიდერი გახდა, რომელიც თავის ქვეყანაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრო.

ლეიკ-პლასიდის 1932 წლის ზამთრის ოლიმპიადის ემბლემაზე გამოსახულია ერთგვარი გლობუსი და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი და ის წერტილი, სადაც მასპინძელი ადგილი მდებარეობს. იმის აღსანიშნიშნავად, რომ ოლიმპიადა ზამთრისაა, გამოსახულია თხილამურებით ხტომის სპორტსმენი.

ამსტერდამის 1928 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ლოგო ასე მოკრძალებულად გამოიყურებოდა. შავი ფერით წერია ამსტერდამი 1928, ხოლო ნაცრისფერით IX ოლიმპიადა.

სენ მორიცის 1928 წლის ზამთრის ოლიმპიადის ემბლემაზე ალპები, ოლიმპიადისა და შვედეთის დროშებია გამოსახული. ამ წელიწადს ზამთრის ოლიმპიური თამაშები პირველად ჩატარდა დამოუკიდებლად. მანამდე იგი ზაფხულის ოლიმპიადის დანამატს წარმოადგენდა.

პარიზის 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ემბლემა ასე გამოიყურებოდა.

შამონის 1924 წლის ზამთრის ოლიმპიადა იყო ზამთრის სახეობებში პირველი ოლიმპიური შეჯიბრება. ამ წელიწადს იგი ზაფხულის ოლიმპიადასთან ერთად გაიმართა. ლოგოზე გამოსახულია მონ ბლანი და იქაური ორბი.

ანტვერპენის 1920 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ემბლემაზე გამოსახულია ბრინჯაოსფერი ბადროს მტყორცნელი. სპორტის ეს სახეობა ანტიკური საბერძნეთიდან იღებს სათავეს და ოლიმპიური თამაშებისგ ანუყოფელი ნაწილია. სპორტსმენს ერთგვარ ტანისამოსად ასხია მონაწილე ქვეყნების დროშები, რომლებიც ჰარმონიულადაა გაბნეული ერთმანეთი. ფონზე ქალაქი ანტვერპენია გამოსახული.

სტოკჰოლმის 1912 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ემბლემა ძველბერძნული როდოსის კოლოსია, რომელსაც, ჩირაღდნის ნაცვლად, მონაწილე ქვეყნის დროშები უპყრია ხელთ. პირველი დროშა მასპინძელი ქვეყნის, შვედეთისაა.

ლონდონის 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ემბლემაზე ინგლისელი მოფარიკავე და ზეთისხილის გვირგვინი იყო გამოსახული. ეს შეჯიბრება რომში უნდა ჩატარებულიყო 1910 წელს, მაგრამ 1906 წელს ათენში გამართული ოლიმპიადა კომიტეტმა ლეგიტიმურად არ სცნო და მისი 2 წლის შემდეგ გამართვა გახდა საჭირო.

ათენის 1906 წლის ზაფხულის ოლიმპიადას განმეორებითი და არშემდგარი ეწოდა, რადგან ოლიმპიურმა კომიტეტმა იგი ლეგიტიმურად არ აღიარა. მის ლოგოზე გამოსახული იყო ძველბერძნული ამფორა და ბერძნული მითოლოგიის გმირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

სენტ ლუისის 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ემბლემა თვითონ ამ ქალაქის ხედი იყო.

პარიზის 1900 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ლოგო საკმაოდ ორიგინალულრად გამოიყურება. აქ უკვე კარგად ჩანს ფრანგების დამოკიდებულება ეიფელის კოშკთანაც, რომელსაც ორი ათეული წლის წინ ვერ იტანდნენ.

1896 წელს ანტიკურბერძნული ოლიმპიური თამაშები აღდგა, განვითარდა და მსოფლიო მინიშვნელობა შეიძინა. სწორედ ამ წელს ჩატარდა ათენში პირველი მსოფლიო მასშტაბის ოლიმპიური თამაშები. ამით საბერძნეთი ისტორიაში შევიდა, როგორც ოლიმპიური სულის მატარებლი. ამ ქვეყნის დროშა ყველა ოლიმპიადაზე ფრიალებს ხუთრგოლიანი და მასპინძელი დროშების გვერდით.

 

 

About these ads