იუმორისტული პოსტი პიარის არსზე, ცხოვრებასა და მრავალჭირნახულმრავალომგამოვლილმაგრამმაინცმართლმადიდებელ საქართველოზე

პროვოკაციული სახელი გამოვიდა… მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრთიანი ფრაზა „ჯეპრაში“ მოსვლიდან სადღაც 6 თვეში (2004 წლის ბოლოს) შვა ჩემმა, კლიენტებისაგან აღგზნებულმა გონებამ, დღეს, როდესაც თუთბერიძემამაბუასილიმემიყვარსჩემიპატრიარქი ერთობ აქტუალური სიტყვა გახდა, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ამ თემაზე ვაპირებ საუბარს. ბოდიში, მაგრამ რელიგიური ექსტრემიზმისა და სიტყვის თავისუფლების ბრძოლაში ვერ ჩავერთვები. პიარზე მაქვს ბლოგი დასაწერი… თემა ძალზედ ბანალური და ზოგადი ავირჩიე – როგორ უყურებენ პიარს ჩვენთან, ანუ რა გონიათ საზოგადოებასთან ურთიერთობა? ჩემი პირველი ბლოგისთვის (პირველი სექსივით ყოფილა პირველი ბლოგის დაწერა – იმდენს ვნერვიულობ და ვფიქრობ) ასეთი თემის არჩევა შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. სანამ საქართველოში პიარის ტენდენციებზე, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებსა და ინოვაციებზე დავიწყებთ საუბარს, საინტერესო იქნებოდა განგვეხილა რას ფიქრობს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე (შემდგომში: პიარი) ხალხი? რა არის პიარი? ჭკვიანი ხალხისგან გამიგია, რომ პიარს 600–ზე მეტი განმარტება აქვსო. სერიოზული რიცხვია, ვერაფერს იტყვი. სადღაც 50–მდე მეც წამიკითხავს. კარგი დეფინიციებია, შინაარსიანი, კარგად დაწყობილი, ხშირ შემთხვევაში მრავლის მთქმელი და იდეალისტურიც, მაგრამ დიდი განსხვავება მათ შორის მე პირადად ვერ ვნახე (ბოდიში ყველა ავტორს). ყველაფერი მაინც გარკვეულ შედეგზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ კომუნიკაციურ პროცესს ეხება. პიარის ჩემეული განმარტებით თავს არ შეგაწყენთ. უფრო საინტერესო ალბათ იქნება იმაზე საუბარი, როგორ განმარტავენ პიარს ჩვენში. წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ დეფინიციებს.

1. პიარი არის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალება. ეს საბჭოთა ტერმინია, რომელიც იდეოლოგიური კომუნიკაციის მუშაობის მიმართულებასა და სამიზნეზე მიუთითებდა, მაგრამ სხვა ტერმინების – „თავისუფალი დროის ორგანიზება“ და „ღვაწლმოსილი ინტელიგენტი“–ს მსგავსად, დაკარგა პეწი და უწინდელი მდგომარეობა. თუმცა, აზრის ფორმირების მავნე იდეა (ზოგი ზომბირებას რომ ეძახის, ზოგიც – აგრესიულ კომუნიკაციას) მაინც ცოცხლობს, უბრალოდ ტერმინოლოგია და ტექნოლოგიაც დაიხვეწა. პიარი არის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალების მთავარი ამოცანაა დააჯერო ინფორმაციის მიმღები, რომ მისი ქცევა არის მისაღები ან პირიქით – მან უნდა შეცვალოს ქცევა. თუმცა კლასიკური მიდგომისგან განსხვავებით საშუალებები, რომელსაც ამ მეთოდის მიმდევრები გამოიყენებენ მარტივი და სწორხაზოვანია, რომელიც ძირითადად მედია მანიპულაციას და უხვ ფაბლისითს ეფუძნება, სადაც უკუკავშირს ან დიალოგს (რა კარგი ტერმინი გააბანძეს ამ მამაძაღლებმა) არანაირი ყურადღება არ ექცევა.

მიმდევარი: მოსახლეობის 1%

გეოგრაფიული გავრცელება: ყველა ას ქალაქში ერთი და ყველა ას სახლში ერთი

2. პიარი არის იმიჯი. ეს დეფინიცია აშკარად „პროფესიონალების“ ტერმინია, ვისაც სიტყვა პიარის გარდა იმიჯიც გაუგია. უნდა ნახოთ როგორ წითლდებიან ხოლმე, როდესაც რომელიმე კომპანიის ან საჯარო უწყების პიარ მენეჯერს დაუსვამ მარტივ კითხვას: „რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა“? „რა და იმიჯი რა…“ ძირითადად ამას პასუხობენ. მაგრამ რა არის იმიჯი ეს რომ კითხოთ, აი მაშინ იწყება სისულელეების კორიანტელი. პირველი ცდის მერე აღარ მიკითხავს. პიარი არის იმიჯის მიმდევრებისთვის კომუნიკაციური პროცესის ამოცანა არის ეფემერული იმიჯი, რომელიც მატერიალურ კონვერტაციაში გამოიხატება „ყველას სიყვარულსა და კეთილგანწყობაში“. ძალიან ქართული ფენომენია, მაგრამ იმიჯისტებისთვის მათ კომპანიაზე ან ორგანიზაციაზე ცუდის გაგება უაღრესად მტივნეულია. მათ შეუძლიათ თმებით ითრიონ „ალიას“ ჟურნალისტი „უარყოფითი“ მასალის გასვლის გამო (უფლება რომ მისცენ, რა თქმა უნდა) და ამ ხალხისთვის მათი ინფორმაციის მომხმარებელი, ასევე, მედიის წარმომადგენელიც ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს, რომელიც ყოველდღიურად უნდა „გადაჭრა“ პიარითა და იმიჯის უჟანგავი მახვილით.

მიმდევარი: ჯიპას და გეპეის კურსდამთავრებულები

კუმირი: დუტა

გეოგრაფიული გავრცელება: დიღომი, დიდუბე, საბურთალოს ნაწილი, ავლაბრის დასაწყისი, ბალახვანი და რუსთაველი (ბათუმში)

3. პიარი არის მიშა. ეს დეფინიცია კონსერვატორებს ეკუთვნით. ქოფირაითის მადლი ნუ მოუშალოთ მათ ღმერთმა(!) კუკავა და ძიძიგური, ან ძიძიგური და კუკავა რომ ამბობენ მენტორული ტონით და განსხვავებული დიქციით: „ეს ამ მთავრობის მორიგი პიარ აქცია იყო“–ს ერთი სული მაქვს ტუჩებში მივარტყა ხელუკუღმა ყოველ ჯერზე, როდესაც პიარს ახსენებენ. არადა მართლები არიან და მათ აზრს მოსახლეობის უმეტესობა იზიარებს. პიარი აღარ არსებობს როგორც საქმიანობის სფერო, რომელსაც პრეზიდენტის გარდა სხვებიც მისდევენ. მონოპოლია აშკარაა. თუმცა კლასიკური განმარტების შესაბამისად მთავრობის მიერ გამოყენებული კომუნიკაცია უფრო პროპაგანდაა, ვიდრე პიარი. კარგად დაგეგმილი, მიზანმიმართული, მაგრამ მაინც პროპაგანდა, რომელიც საბოლოო ჯამში მოსაბეზრებელია ინფორმაციის გაცვლის მეორე მხარის, ანუ მიმღებისთვის. პიარი არის მიშა ნიშნავს საკმაოდ ცენტრალიზებულ საკომუნიკაციო პროცესს, რომლის ძირითადი სტრატეგია და ტაქტიკური მიმართულებებიც იგეგმება ზემოთ (მიშას კაბინეტში!) და ხორციელდება სამინისტროების და სახელისუფლებო უწყებების მიერ. ამოცანა ყოველთვის უცვლელია – ყოველდღე ტელევიზორში! საშუალებებიც ერთნაირი – ყურით მოთრეული (პირდაპირი გაგებით) ჟურნალისტების მიერ გაკეთებული სიუჟეტები „საინტერესო აქციის“ ან „საქველმოქმედო პროექტის“ თაობაზე. პიარი არის მიშას მიმდევრები განუხრელად იცავენ მისი მთავარი იდელოგიის (გვარს არ დავასახელებ) პრინციპს, რომ „ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან და ყოველთვის კაი პონტში“.

მიმდევარი: მოსახლეობის 86% (რაღაცას მახსენებს ეს პროცენტი)

გეოგრაფიული გავრცელება: ყველგან, ვაკეშიც კი

4. პიარი არის გრიშა. ეს არ არის დეფინიცია, უბრალოდ წინა განმარტებას კარგად გაერითმა და ამიტომ გამოვიყენე. პრინციპში პიარი არის გრიშა ჩვენ (რადიკალურ!) ოპოზიციას შეიძლება მივუსადაგოთ, რომელიც მიშას ტექნოლოგიებით სარგებლობს, ოღონდ ნაკლები გაქანებითა და პლაგეატის მძაფრი სუნით. მათი მთავარი ამოცანაა არ იყვნენ მიშები, უფრო სწორად იყვნენ, მაგრამ ყველას გრიშები ეგონოთ. ერთი სიტყვით, გაიტანეთ გრენლანდია ხალხია.

მიმდევარი: მოსახლეობის 13%

გეოგრაფიული გავრცელება: ვერა, ვაკე (ჩემი გულის მახე)

5. პიარი არის ნინა წკრიალაშვილი. გაუგებარი დეფინიციაა, მაგრამ მუშაობს. რახან ნინა წკრიალაშვილი მუშაობს (სამსახური აქვს თანაც), აქედან გამომდინარე, პიარი არის ნინაც ყურადსაღები განმარტებაა. ერთხელ სანახავად ღირს. ამოუცნობი და ამოუხსნელი ფენომენია, რომელსაც როგორც გოკა გაბაშვილი (ბევრს ლაპარაკობს, თორემ შეიძლება არც იტყოდა) იტყოდა „აქვს არსებობის უფლება“. პიარი არის ნინა წკრიალაშვილის ამოცანა გაუგებარია, მაგრამ ტექნოლოგიები გასაგები და ხელშესახებია (რჩეულებისთვის მხოლოდ).

მიმდევარი: დავით ოქიტაშვილი

იდეოლოგი: შალვა რამიშვილი

გეოგრაფიული გავრცელება: სკრა, აგარა, ქარელი, გორი და ახალგორი (ოკუპაციამდე)

6. შავი პიარი გამიგია. ეს დეფინიცია free lancer პიარშიკების საყვარელი განმარტებაა. დამოუკიდებელი პიარ პროფესიონალი ყოველთვის ჯადოდქრის იმიჯს (სიტყვა იმიჯი ნახსენებია რიგით მეორე დეფინიციაში) იქმნის და აშინებს პოტენციურ კლიენტს შავი პიარის მოწყობით. ისინი გულუბრყვილო და მოცნობისმოყვარე პიარის ქონის მსურველებს უყვებიან საოცარ ისტორიებს იმის თაობაზე, თუ როგორ ამოათრიეს ჭაობიდან ესა თუ ის ორგანიზაცია, როგორ დაურეკეს ღამის სამ საათზე არველაძეს (აქ შეიძლება თქვენი გვარიც ჩასვათ) და როგორ უთხრეს „კაი რა, გიუშ, უთხარი რა ამ ქრონიკის წამყვანს, რო ლ–ებს ნუ ხმარობს რა“ და მსგავსი აბდაუბდა. მათი მთავარი ამოცანაა ისეთი ამოცანის (შეგნებული ტავტოლოგიაა) დასმა, რომელიც კლიენტისთვის მაქსიმალურად გაუგებარი იქნება, რომ მერე ადვილად გაზომონ წარმატება და ათასი ტერმინით გაბრუებულ მოპროვინციალო ბიზნესმენს, რომელსაც კაბინეტში, ზურგსუკან თავისივე ფოტო უკიდია, ადვილად გამოართვან ჰონორარი (ძირითადად დოლარებში, რადგან ესეც იმიჯის ნაწილია).

მიმდევარი: ფსიქოლოგი, რომელიც ადრე „ტაბუში“ გამოდიოდა ხოლმე და მერე დაიკარგა. დაკარგვის შემდეგ კი სადღაც პიარ მენეჯერის თაბამდებობაზე აღმოჩნდა.

გეოგრაფიული გავრცელება: თემქა და მუხიანის პირველი 3 მიკრორაიონი.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს საქართველოში სხვადასხვაგვარად ესმის პიარი, ისევე როგორც პოლიტიკა, ჟურნალისტიკა, მშენებლობა თუ კოსმონავტიკა. ხასიათების ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის დილის განწყობაზეა დამოკიდებული 3 მილიონი ადამიანის ბედი, პიარიც ხასიათების მიხედვით არის გაგებული და მჭიდროდ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს. ეს არ არის ცუდი, ან კარგი. ეს უბრალოდ ასეა და პიარ პროფესიონალებს ამ რეალობაში გვიწევს მუშაობა, ისევე, როგორც პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, მშენებლებსა და კოსმონავტებს (სომხური დასასრული იყო).

პ.ს. წინამდებარე (ვგიჟდები ამ სიტყვაზე) ბლოგში გამოყენებულია ბევრი ჭკვიანი ადამიანის აზრი, რომელთა ციტირებასაც მე ვერ მოვახდენ. არ მახსოვს უბრალოდ ვინ რა თქვა, ან რომელ წიგნში ამოვიკითხე.

პ.პ.ს. მოცემულ (ესეც მაგარია) ბლოგში ნახსენები ყველა პერსონაჟი გამოგონილია ქართველი ხალხის მიერ სხვადასხვა დონის არჩევნებზე სხვადასხვა პროცენტით მიცემული ხმათა რაოდენობიდან გამომდინარე. მე არაფერ შუაში ვარ.

მოგვწერეთ პიარის თქვენეული განმარტებები. ერთად ვიხალისოთ!🙂

კახა მაღრაძე – პიარ სკოლის ლექტორი