ისე მოხდა, რომ ჩემი სამსახურების უმრავლესობაში ინტერენეტთან ხელმისაწვდომობა მქონდა. ამიტომ როგოროც ყველა ნორმალური ადამიანი ვიყენებდი მის შესაძლებლობებს. ნორმალური ადამიანისთვის ინტერნეტი ჩემ დროს საიტებზე შესვლითა და ჩატით შემოიფარგლებოდა. იმ დროს ჩემთვის უკვე გაევლო, როცა ხალხს ელ.ფოსტის საშუალებით ვეკონტაქტებოდი, ეს საიტებზე შესვლაც არ ვიცოდი კარგად როგორ ხდებოდა, მაშინდელი სამაძიებლოებიც კარგად არ მქონდა ათვისებული და მთელი აქცენტი ჩატზე გავაკეთე.

ჩემი პირველი და კაი ხნის მეგობარი ინტერნეტში ICQ იყო. მწვანე ყვავილი, რომელიც ძალზედ სექსუალური ხმით გამცნობდა ვინმე თუ მოგწერდა რამეს… ის ძალიან მალე ანუ  მას შემდეგ, რაც ძიმამ „გამიხსნა“ (დამარეგისტრირა), გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. კომპის ჩართვისთანავე ჩატის პროგრამას ვრთავდი, სულ გამწვანებული ვიყავი და გული საგულედან მიხტებოდა ICQ–ს “ო–ო”–ს გაგონებაზე. ძიმასვე დამსახურება იყო ხალხის მოძებნის ტექნიკის სწავლებაც. მიუთითებდი ასაკს, საცხოვრებელ ადგილს, არ უნდა დაგვიწყებოდა სქესის მონიშვნაც და მიდიიიიი.

დაიწყებოდა მერე სტანდარტული მესიჯების მთელი სერია და შენც კრეფდი დაუფიქრებლად, კრეფდი უკანმოუხედავად, კრეფდი ძალუმად (ეს სიტყვა უფრო ხშირად უნდა გამოვიყენო ხოლმე, ისე მომწონს! ) და გამოძრავებდა მხოლოდ ერთი სურვილი: ინტერნეტით გაგეცნო ვინმე!!! მაგრამ 90–იანი წლების ბოლოს და 2000–იანების დასაწყისში…  ეს რჩეულთა ხვედრი იყო ფაქტობრივად…

ICQ-ს მერე იყო MIRC (არადა მგონი ჯერ ეს იყო), შემდეგ yahoo და MSN მესენჯერები, ამას თან მოჰყვა უამრავი (ძირითადად საეჭვო და რუსული წარმოშობის) ე.წ. გასაცნობი საიტი და წავიდა და წავიდა… ჩემთვის ინტერნეტმა დაკარგა გლობალური საინფორმაციო წყაროს სტატუსი და გადაიქცა პაემნების დანიშვნების ინსტრუმენტად.

ქართველმა გოგოებმაც, როგორც გაზაფხულზე იციან ხოლმე გახდა, ასე ნელ–ნელა დაიწყეს ფოტოების გამოგზავნა, მერე შეხვედრაზე დათანხმებაც არ გახდა საშვილიშვილო საქმე და დატრიალდა ინტერნეტ ნაცნობობის კონვეერიც. ამ skype-მა და одноклассник-მა ხო დაღუპა ყველა…

მოკლედ, ისე როგორც ყველაფერი მსოფლიო და პროგრესული, ქართველებმა ინტერნეტიც ასე ვიწრო მიმართულებით გადავხარშეთ და გამოვიყენეთ…

მევლუდი ქაფიანიძე