ინტერნეტი რაღაცნაირად ნელა გავიგე…  ეს სიტყვა მთელი თავისი მნიშვნელობითა და გაქანებითაც გვიან დამკვიდრდა ჩემს ცნობიერებაში. აი, „ფილადელფიაში“ ტომ ჰენქსი რომ ამომბოს,  შიდსის შესახებ რაღაცეები მსმენოდა და ვიცოდი, მას „ცისფერების შავ ჭირსაც“ ეძახოდნენ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევიაო… ასე ვიყავი ზუსტად მეც.

90–იანი წლების დასაწყისიდან (ოღონდ ზუსტ თარიღს ნუ მომთხოვთ!) მესმოდა გლობალური ქსელის შესახებ, თუმცა, როგორც ღამე შორიდან მომავალი მანქანის ხმა გესმის ჯერ მოგუდულად, რომელიც თავიდან ნელ–ნელა მატულობს და ბოლოს ღრიალით ჩაგივლის, ასევე, ინტერნეტიც ნელ–ნელა ძალუმად შემოიჭრა (ვგიჟდები ასეთ მწერლურ გამონათქვამებზე) ჩემშიც. მაშინ რატომღაც მეგონა, რომ იგი ბილ გეითსმა გამოიგონა, რადგან ეს ადამიანიც ისეთივე მითიური იყო ჩემთვის, როგორც თავად ქსელი.

და რა ვიცოდი მაშინ მე ინტერნეტის შესახებ, ანუ ჩემი მასთან ურთიერთობის პირველ ეტაპზე, უფრო სწორად იმ დროს, სანამ ურთიერთობა დამეწყებოდა? ალბათ ყველაფერი ის, რაც ყველამ იცოდა. სტერეოტიპული იდიოტობები: ინტერნეტით შეხვალ სხვის კომპიუტერში და ფულს მოპარავ, ინტერნეტით დაელაპარაკები და ვიზას გამოაგზავნინებ ამერიკელ გოგოს, ინტერნეტით იპოვი საჭირო ინფორმაციას და დაწერ მაგარ საკურსოს. მსგავსი ბოდვები გვკვებავდნენ ჩვენ და ველოდებოდით. ველოდებოდით ჩვენც როდის შევძლებდით ვიზის გამოგზავნაზე ვინმე ქერათმიანის დათანხმებას მაგიური ინტერნეტის საშუალებით.

მიუხედავად ასეთი მოლოდინისა, ჩემი პირველი ზიარება ინტერნეტთან უფრო ტრივიალური იყო. ეს „სოროსის ფონდის“ დებატების პროგრამის ოფისში (მაშინ ინტერნეტი ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში, ან საერთაშორისო კორპორაციაში თუ მოიპოვებოდა) მოხდა. ერთმა ცქრიალა გოგომ, რომელსაც მაკა ერქვა, მეილი გამახსნევინა. Hotmail-ზე (სად იყო მაშინ yahoo და gmail) გავხსენი და რამდენიმე ჩემი ჯგუფელის ელ.ფოსტის მისამართზე, რომელიც წინასწარ მქონდა მოპოვებული, მყისვე ვაფრინე welcome წერილის მსგავსი. მერე მიმოწერაც კი მქონდა კაი ხანი იმ ხალხთან, ვისაც საღამოობით ვნახულობდი და ტელეფონზეც ხშირად ვეკონტაქტებოდი. ეგზოტიკა იყო და უარს ხომ არ ვიტყოდი?!

ასე დაიწყო მოკლედ…

მევლუდი ქაფიანიძე