ალბათ ყველას გინახავთ მუყაოს ქაღალდის ოთხწახნაგიანი ნაჭრები შეწეულ-გამოწეული თავებით, ეს ფაზლია, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და საინტერესო თავშესაქცევი. ფაზლი ინგლისურად გამოცანას, თავსატეხს ნიშნავს (Puzzle) და სწორედ ამ დანიშნულებით გამოიყენებოდა ჯერ კიდევ 1760-იანების ევროპულ სკოლებში. ხის დაფაზე დახატულ და შემდეგ მრავლ ფორმად დაჭრილ რუკებს სკოლის მოსწავლეების გეოგრაფიაში გასაწვრთნელად იყენებდნენ.

თანდათანობით ბავშვთა სასწავლო ფაზლი უფროსების გასართობ საშუალებად გადაიქცა და ასე განვლო ორმა საუკუნემ. 1900-იანებში მისით უფროსებიც იყვნენ დაკავებული, თუმცა მაშინდელი ფაზლი გაცილებით რთული იყო, რადგან: არ ჰქონდა სახელმძღვანელო სურათი, რომლის მიხედვითაც აიწყობოდა; ყველა ნაწილი ყველა ადგილს ერგებოდა; ფაზლის ნაჭრები ერთმანეთს არ ეკვროდა. ამასთან ერთად, ფაზლი ჯერ კიდევ ხის იყო, რაც მის ფასსაც აძვირებდა.

ამასობაში ძმებმა პარკერებმა, ცნობილმა სათამაშოების მანუფაქტურის მქონეთ, მოიფიქრეს, რომ ფაზლის ნაწილები ადვილად დასამახსოვრებელი ფიგურებისგან შეექმნათ. მაგალითად, ცხოველებისა და ფრინველებისაგან და, რაც მთავარია, ასეთი ფაზლის ნაჭრები ერთმანეთს მჭიდროდ ეკვროდა.

1930-იან წლებში პაზლებზე მოთხოვნა კიდევ გაიზარდა და აშშ-ში უკვე კვირაში 10 მილიონი იყიდებოდა. შემდეგ წლებში ეს რიცხვი მხოლოდ გაიზარდა. ასე ნელ-ნელა და თანდათანობით ფაზლი დაიხვეწა და დაემატა ყველასთვის ნაცნობი ფორმის ნაჭდევები. დღესდღეობით ფაზლის რამდენიმე სახეობაა, თუმცა ოთხკუთხოვანი მაინც ყვლაზე გავრცელებულია.