თავიდან ძალიან რთული მეგონა ეს საქმე. თავიდან რა, პატარა რომ ვიყავი მაშინ. მთლად ბავშვი რომ მეთქმოდა. წარმოგიდგენია?! უნდა ამდგარიყავი, სერიოზული სახე მიგეღო, ტუჩები დაგეპრუწა, თვალები ოდნავ მოგეჭუტა რუსული რომანსების ქართველი შემსრულებელივით, კისერი მოგეღერა, ერთ ხელში სასმისი დაგეჭირა, მეორე ვაშაძესავით გემოძრავებინა, ჭიქით ოსტატურად დაგემალა მარილდაყრილი ღვინის ლაქა პოლონეთიდან ჩამოტანილ პერანგზე, თავი გემოძრავებინა „პლავნად“ ისე რომ თვალის კონტაქტი გქონოდა სუფრის ყველა წევრთან, საქართველო და ქართველო გედიდებინა და ყველაფერი საბჭოთა და რუსული გაგეკიცხა. ურთულესი მისია იყო სადღეგრძელოს თქმა და ეს ხალხი გმირებად მიმაჩნდა მე!

მახსოვს, ჩვენი პატარა სამზარეულო, რომელიც ახლაც გვაქვს დედაჩემის სახლში. დღეს იქ არავინ შედის და არავინ ჭამს იმდენად პატარაა, მაგრამ თავის დროზე მინიმუმ 3 კაცი იჯდა და გვიანობამდე ქეიფობდა ხოლმე. არ მომბეზრდებოდა მათი მოსმენა არასოდეს. ჯემალი, ჩოკინა და მესამეს რა ერქვა აღარ მახსოვს (პირობითად მონასელიძე ვუწოდოთ), ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სადღეგრძელოების თქმაში, ამბების ამავე სადღეგრძელოებში ჩაწვნასა და ღვინის დალევის შემდეგ კმაყოფილებით სავსე სახით ენის წვერით ტუჩების გალოკვაში. დიდებული დრო იყო. ყველა სადღეგრძელო ზეპირად ვიცოდი. იმ სამზარეულოდან მიყვარდა საქართველოც, ძმობაც, მეგობრობაც, დედაც, ქალიც, მეზობელიც, თანამშრომელიც, ბებიაც და ბაბუაც.

თურმე, სადა ხარ?! ყველა ჩაძირული იყო სიყალბეში და ამას სადღეგრძელოებით ნიღბავდა. ყველამ იცოდა თან, რომ სუფრაზე მსხდომები სახეში გიყურებდნენ და ისე გატყუებდნენ, მაგრამ ყველას ეს მაგრად ეკიდა. წესი იყო ასეთი! უნდა სადღეგრძელო გეთქვა გრძელი და ჩახლართული. საწყლებს ალბათ როგორ ეზარებოდათ კიდეც…

მარგალიტი სადღეგრძელოების სერიიდან: ღმერთმა კაცს სამი ჩემოდანი მისცა და მკაცრად გააფრთხილა, სახლში მისვლამდე არაფრის დიდებით არ გახსნა არც ერთიო. კაცი რის კაცი იყო, აიღო და შუა გზაზე გახსნა ერთი ჩემოდანი და ფული (ალბათ კეთილდღეობა – ავტ. შენიშვნა) გაუფრინდა. გულმა კიდევ ვერ მოუთმინა (კაცის ამბავი ხო იცი მაინც!) და სახლთან მისულმა კიდევ ერთი ჩემოდანი გახსნა. აქ უკვე ბედნიერება (შეიძლება ჯანმრთელობა, ან სიყვარული – ავტ. შენიშვნა) გაუფრინდა. შევიდა დამწუხრებული კაცი (ქალებზე სადღეგრძელოები საერთოდ არ იყო მაშინ) სახლში და ღმერთის დარიგების მიხედვით, ბოლო ჩემოდანი იქ გახსნა და რას ხედავს, ჩემოდანში იმედია, რომელიც არ გაუფრინდა! მოდი, ამ ჭიქით იმედს გაუმარჯოს!

მევლუდი ქაფიანიძე