დელისის მეტროსთან მდგარი მაღალი შენობის მე–15 სართულზე გავიგე ეს…  რევოლუციურად საერთოდ არ ყოფილა თქმული… „წყნარად დააბრეხვა“ განათლებით ისტორიკოსმა, თუმცა „თვალების ახელა“ მაინც მტკივნეული და ერთბაში (ამ სიტყვის სისწორეში მეც ეჭვი მეპარება, მაგრამ აკუსტიკურად მოუხდა წინადადებას) იყო… ყოველთვის მქონდა ეჭვი, მაგრამ ასეთი მარტივი ახსნა თუ ჰქონდა ამხელა ამბავს, ნამდვილად არ მეგონა (აქ შეიძლებოდა რას ვიფიქრებდიც დამეწერა)…

მოკლედ, გიგამ არც აცია და არც აცხელა და განვგიცხადა (თან ყველანი კომპიუტერებთან ვისხედით და ზურგებით გვქონდა ემოციური კომუნიკაცია, თან ქაუნთერს ვთამაშობდით და მაგიტომ) თამადა მე–19 საუკუნემდე საერთოდ არ არსებობდა, არც სუფრა და საერთოდ სადღეგრძელოები ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ გვაქვს, ბოლო ასწლეულების „მონაპოვარიაო“. დავითის და თამარის დროს (ყველაზე პაპსა ხანა ჩვენს ისტორიაში) ვინ ამბობდა სადღეგრძელოებს საერთოდ და ვინ უსმენდა თამადასო… რავარი მოსასმენი იყო?!

ამ ამბის ლოგიკა კი შემდეგში მდგომარეობს: მართალია მე–19 საუკუნემდე ბევრი დამპყრობელი გვყავდა, მაგრამ ქართველები (საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და ქართულ ენაზე ავად თუ კარგად მოლაპარაკენი) მაინც ვინარჩუნებდით თავისუფლებას და მეტად ლაღები ვიყავით. რუსეთის შემოსვლის შემდეგ კი ტოტალური დამორჩილება მოხდა ჩვენი, თანაც ყველა დონეზე. ყველა რუსეთის მეფისნაცვალს ემორჩილებოდა და არც თავისუფლების და არც სხვაზე მმართველობის ხარისხი, აღარ იყო საკმარისი არც ერთი სოციალური ფენისთვის. გლეხი თავის (თუნდაც მცირე) მიწაზე ვერ ლაღობდა, ბატონი – თავის მამულში და მეფეზე ხო საერთოდ ლაპარაკი აღარ იყო. ამიტომ ჩვენი მმართველობისა და თავისუფლების გამოხატვის ერთადერთ ასპარეზად სუფრა იქცა, სადაც თამადა ბატონობდა (მათ შორის რუსებზეც) და თამადას ყველა უსმენდა (მათ შორის რუსებიც). საბჭოთა ეპოქამ კი საერთოდ გროტესკული სახე მისცა ქართულ ქეიფს და დღეს რომ ძირძველ ტრადიციას ვეძახით, სულ არ ყოფილა ასე ძირძველი… ლოგიკურია, პრინციპში…

მარგალიტი სადღეგრძელოების სერიიდან: ერთი ობოლი ბიჭი, რომელსაც მამა ბავშვობაში ვიღაცამ უსამართლოდ მოუკლა, ერთ დღესაც გაიზარდა. თან ამ ბიჭს შეყვარებული ჰყავდა და ამ ანგელოზივით გოგოს ცოლად მოყვანას აპირებდა. ბიჭი ვაჟკაცი იყო და მამის მკვლელის ძებნას არ წყვეტდა. ერთ დღესაც დაადგინა მკვლელის ვინაობა და გაიგო, რომ საღამოს 6 საათზე ეს კაცი ერთ კონკრეტულ ადგილას იქნებოდა. უცებ შეყვარებულმა დაურეკა და უთხრა საღამოს 6 საათზე უნდა გნახო აუცილებლად და ჩვენი ამბავი საბოლოოდ გადავწყვიტოთ უნდაო. ამ დროს უახლოესი ძმაკაცი დაადგა სახლში და დღეს საღამოს 6 საათზე ვიკრიბებით საძმაკაცო, აუცილებლად უნდა მოხვიდე, „იმენნა“ ჩვენი ძმობის თემა განიხილებაო (ალბათ ასეთი სიტყვებით არ იქნებოდა ეს სადღეგრძელო, მაგრამ ტავტოლოგიებს მოვერიდე – ავტ. შენიშვნა). რა ექნა საწყალ, მაგრამ ვაჟკაც ობოლ ბიჭს. ბევრი არ უფიქრია პრინციპში და ძმაკაცებთან წავიდა. და რას ხედავს… დათქმულ ადგილას მანქანა დგას და ამ მანქანასთან ძმაკაცები შეკრებილან. ერთი გამოეყო „სასტავს“, მივიდა ამ ბიჭთან და უთხრა, მანქანაში შენი შეყვარებული გელოდება და მზადაა ცოლად გამოგყვესო, „ბაგაჟნიკში“ კი მამაშენის მკვლელია მოკლულიო… ამ ჭიქით, ჩვენ ძმაკაცებს გაუმარჯოს!!!

მევლუდი ქაფიანიძე