Discovery-ის განწყობაზე მოვედი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთ საოცრებაზე მოგითხრობთ.

ინდონეზიის კუნძულ იავაზე მდებარეობს ადამიანის რწმენის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური გამოვლინება – ბორობუდურის ტაძარი. იგი ქვისგანაა აგებული და ყველაზე დიდი ბუდისტური კომპლექსია დედამიწაზე.

ბორობუდური 9 საფეხურისაგან შემდგარი პირამიდის ფორმის ნაგებობაა, რომელიც სიმბოლურად ბუდისტის გზას გამოხატავს ყოფიერებიდან – ნირვანამდე. განწმენდის პირველ დონეზე ადამიანმა უარი უნდა თქვას ბოროტ ფიქრებსა და ზრახვებზე. მეორე საფეხურს ბუდასა და მისი ოჯახის ბარელიეფები ამშვენებს. უფრო მაღლა გამოხატულია სხვადასხვა წმინდანები და მათი ცხოვრება. იქვეა ლოტოსის პოზაში მჯდომარე ბუდას სკულპტურებიც. ყველა ბარელიეფში გადმოცემულია ბუდისტური სიბრძნე ცხოვრების შესახებ და მინიშნება, თუ როგორ უნდა ამაღლდე ყოველივე მატერიალურზე, როგორ გამოიწრთო გონებრივად, სულიერად.

ტაძრის მეცხრე საფეხური – გიგანტური ქვის კოკორი, რომელიც აგვირგვინებს ტაძარს. სულ ბორობუდურში 72 ასეთი კოკორია, მაგრამ დანარჩენთა კედლები დასვეტილია ისე, რომ შიგნით მედიტაციის პოზაში მჯდომარე ბუდას დანახავთ. არქიტექტორთა ეს გადაწყვეტილება განასახიერებს ადამიანის მიერ ბუდას შეცნობის დონეს. მხოლოდ ის ბერები აღწევდნენ გონებრივი გამონათების უმაღლეს მწვერვალს, რომლებიც ბუდას საიდუმლოებას შეიცნობდნენ. კოკრებიც სწორედ მათი გამოხატულებაა.

ბორობუდური ვუზუალურადაც შერწყმულია ბუნებასთან

ტაძრის გარშემო ბუნება 1200 წელზე მეტია, თითქმის უცვლელი სახით გამოიყურება. დღეს ინდონეზია ოფიციალურად მუსულმანური სახელმწიფოა, მაგრამ ოდესღაც ბორობუდურში ბუდისტური ღვთისმსახურება ყვაოდა. უამრავი მომლოცველი მოდიოდა უამრავ კითხვაზე პასუხის მისაღებად. თვით ტაძრის გრანდიოზულობაც მორწმუნეთათვის ერთ-ერთი პასუხი იყო ჭეშმარიტებაზე.

ბორობუდური ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი, უარყოფითი ენერგიისაგან განწმენდილი და ამაღლებული ადგილია, სადაც ადამიანს ისღა დარჩენია, შეუდგეს გზას ჭეშმარიტებისაკენ.

ეს ბარელიეფი მზისა და მთვარის შესახებ მოგვითხრობს
შემოღამება ბორობუდურზედ
ყველა დანარჩენ კოკორში ბუდა ისე ზის, როგორც ამ სურათზეა ნაჩვენები
ბუდისტი ბერები ლოცულობენ
ბუდას ნიშა