ფალსიფიკაციასთან ბრძოლის დროს, აღმოვაჩინეთ, რომ გაყალბების შემთხვევები გავრცელებულია მობილურ ტელეფონებში.

რატომ ვიძენთ ფალსიფიცირებულ ტელეფონს, არის თუ არა ეს გამყიდველის/მწარმოებლის მიერ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუ ეს არის შემთხვევა, როცა თავად ვიტყუებთ თავს, – ამის გარკვევას  „არა ფალსიფიკაციის“ გვერდი შეეცადა.

აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონის შეძენისას მომხმარებლის უმეტესობა პირველ რიგში ფასს ანიჭებს უპირატესობას, შემდეგი პრიორიტეტი კი ტელეფონის ვიზუალური მხარე და ფუნქციებია. ხარისხი კი, რომელიც წესით ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევის ერთგვარ გარანტად უნდა იქცეს, ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება.

პრობლემაში გასარკვევად სავაჭრო ცენტრ „გოლეთიანის“ დირექტორს ბონდო გოლეთიანს მივმართეთ, რომელიც იაფფასიანი, იატაკქვეშა ტელეფონების შემოსვლის ტენდენციას ბანკების მიერ სესხის გაცემის შემცირებას უკავშირებს. თუ 2008 წლის ომამდე, მომხმარებელს შეეძლო ბანკის დახმარებით მაღალფასიანი ტელეფონის განვადებით, თუ გარკვეული სესხით გამოტანა, კრიზისის შემდეგ, ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან ერთად  მყიდველუნარიანობამაც დაიწია საქართველოში და არჩევანიც დაბალფასიან, ფალსიფიცირებულ ტელეფონებზე შეჩერდა.

ფალსიფიკაცია საქართველოში ძირითადად მსოფლიო ბაზარზე ტელეფონების ლიდერს „ნოკიას“ შეეხო.

თუ ტელეფონის შეძენას გადაწყვეტთ, 100 თვალი და 100 ყური გამოიბით, რადგან სახლში მისულს, შესაძლოა „ნოკიას“ მაგივრად ხელში „ნოკლა“ აღმოგაჩნდეთ.

ჩვენთან ასეც ხუმრობენ „ნოკლამ მომკლა“, მაგრამ ეს ერთი შეხედვით „მხიარული ტერმინი“ სულაც არ იმსახურებს არასერიოზულ მიდგომას.

ტელეფონი საუბრის დროს უშუალოდ შეხებაშია თავთან, საუბრამდე ქალბატონენს ან ჩანთაში გვიდევს, ან ხელით დაგვაქვს, მამაკაცების უმრავლესობა კი ჯიბით ატარებს, თუმცა გავრცელებულია გულის ჯიბით, ან ყელზე ჩამოსაკიდებლის საშუალებით ტარება. თითოეულ აქ ჩამოთვლილ შემთხვევას კი ერთ შეკითხვამდე მივყავართ, – რამდენად უსაფრთხოა ტელეფონი ჯანმრთელობისთვის?!!

ბონდო გოლეთიანი:  ნებისმიერი ბრენდის ტელეფონი გამოშვების დღიდან ევროპის ბაზარზე შესვლამდე 50-მდე სხვადასხვა სახის შემოწმებას, მათ შორის ეკოლოგიურობის, ხარისხისა და გამოსხივების სერტიფიცირებას გადის. ფალსიფიკატორებს კი მსგავსი ეტაპების გადალახვა უჭირთ, მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქცია დაბალი ხარისხისაა, მის მიმღებს ორჯერ და სამჯერ მეტი გამოსხივება აქვს, ვიდრე ორიგინალ ტელეფონს.

ამერიკული სტანდარტების მიხედვით, გამოსხივების დასაშვები ნორმა 0-დან 1,6 ვატი/კილოგრამზეა, ევროპაში კი ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 2 ვატი/კილოგრამს.  საქართველოში კი ყველა ორიგინალი ნოკიას მოდელის გამოსხივება 1,4 ვატი/კილოგრამს არ სცდება.

  რატომ არ ფიქსირდებიან ე.წ. „ფალსიფიკატორები“ როგორც ტელეფონის მწარმოებლები?

– გამოსხივებისგან დამცავი მასალების შეძენისა და ტელეფონის ლაბორატორიული შემოწმება პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის, რაც, რა თქმა უნდა, ფასზეც აისახება. იატაკქვეშა ფაბრიკებს კი სოლიდური თანხების გაღება არ უღირთ, რადგან მათი მთავარი უპირატესობა დაბალი ფასია. ამიტომ ეფარებიან ამა თუ იმ ცნობილი ბრენდის სახელს. დუბლიორები გაუჩნდა ისეთ მწარმოებლებს, როგორებიც არის ეფლი, ელჯი, სამსუნგი, თუმცა ფალსიფიკაცია მაინც ყველაზე მეტად ნოკიას შეეხო.

  როგორ გავარჩიოთ ყალბი ტელეფონი ნამდვილისგან?

– ორიგინალი ტელეფონის მწარმოებელი კომპანიები მობილური ტელეფონის გამოსხივების შესაბამისობის დამადასტურებელ სერტიფიკატს ყოველთვის მიუთითებენ ინსტრუქციაში, კერძოდ SAR Certificate, რასაც ყალბი ტელეფონის შემთხვევაში ვერ აღმოვაჩენთ.

ასევე მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ნოკიას სერვის-ცენტრებში მოქმედებს ცხელი ხაზი.   მყიდველს შეუძლია დარეკოს ტელეფონის ნომერზე – 2 94 33 00  და ორიოდე წუთის განმავლობაში ტელეფონის IMEI კოდის მითითებით მიიღოს პასუხი, ყალბია მისი ტელეფონი, თუ ორიგინალი. 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია ნოკიას ფორუმიც – http://forum.goletiani.ge          , სადაც ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მიღება და გადამოწმება.

  ჩინური ტელეფონი ფალსიფიცირებულია?

– ფალსიფიცირებული ტელეფონები და ჩინური ტელეფონები სხვადასხვა ცნებაა. ფალსიფიცირებული უმეტესად დუბაიდან შემოდის, ხოლო ის ტელეფონები, რომლებიც ჩინეთში ბრენდის სახელისა და ხარისხის ნიშნის ქვეშ გამოდის, ყალბი არ არის. თუმცა ჩინეთშიც შეინიშნებიან ფალსიფიკატორები.

  რატომ უნდა ვერიდოთ ფალსიფიცირებულ ტელეფონს?

– პირველ რიგში იმიტომ, რომ საფრთხეს უქმნის თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას. გაურკვეველი წარმოშობის მობილურ ტელეფონებს ორიგინალისგან განსხვავებით არ გააჩნიათ დამცავი ეკრანი, შესაბამისად ორჯერ მეტი მიკროტალღური გამოსხივება აქვთ.  თუ ტელეფონი სიგნალის მიღება-გადაცემის დაშვებულ ზღვარს აღემატება, უფრო მეტად არის საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, კერძოდ, გამოსხივება მოქმედებს თავის ტვინის უჯრედებზე.  ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ფალსიფიცირებული ტელეფონები უხარისხოა, ადვილად ფუჭდება და არ კეთდება. რეალურად მომხმარებელს უფრო ხშირად უწევს ტელეფონების შეცვლა, ვიდრე ორიგინალის შემთხვევაში. ნოკიას ცენტრში ხშირად გვაკითხავენ ფალსიფიცირებული ტელეფონების შეკეთების მიზნით და უკმაყოფილოები რჩებიან, რადგან ცენტრი ვერ მიიღებს ყალბ პროდუქციას.

  რაც შეეხება ინტერნეტ-სივრცესა და ონლაინ მაღაზიებს, აქ თუ არსებობს ფალსიფიკაციასთან ბრძოლის რაიმე მექანიზმი?

– ინტერნეტი არის ყველაზე ხელსაყრელი გარემო ყალბი ტელეფონების რეალიზაციისთვის. როცა ონლაინ ყიდულობ რაღაცას, გამყიდველი ცნობილი არ არის, შესაბამისად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ბევრად უფრო მარტივია. ფოტოთი ვერ გაიგებ, ტელეფონი ორიგინალია თუ არა, რადგან შესაძლებელია, რომ სხვა სურათი იყოს გამოქვეყნებული. ფალსიფიკაციაზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ-აუქციონი – იბეიც კი ვერ აგებს პასუხს.  ინტერნეტი გაუკონტროლებელ ზონად რჩება.

როგორც ვხედავთ, ფალსიფიცირებულ ტელეფონებთან ბრძოლის რაიმე კონკრეტული მექანიზმი ჯერ არც ონლაინ და არც ოფლაინ არ არის ამუშავებული. ამიტომ, ალბათ სჯობს, რომ თავად ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე.  შევიძინოთ ტელეფონი ამა თუ იმ ბრენდის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებსა და სავაჭრო ობიექტებში, რომელსაც, როგორც წესი, ჰოლოგრამა უნდა გამოარჩევდეს.

პ.ს. დამატებით გეტყვით, რომ  საქართველოს კანონმდებლობა მწარმოებელს უფლებას აძლევს დაიცვას ინტელექტუალური საკუთრება. ფალსიფიკაციასთან ბრძოლაში იურისტებთან ერთად საზოგადოებაც ნელ-ნელა ერთვება.  თუ ერთი წლის წინ ფალსიფიცირებული ტელეფონი საბაზრო წილი 70% იყო, ბონდო გოლეთიანმა საუბრის დასასრულს გვითხრა, რომ დღეს საქართველოში ორიგინალი ნოკიას მომხმარებელი 50%-ია, ხოლო ფალსიფიცირებული ტელეფონით კი 35-40 % სარგებლობს.