პროფესია „სომელიე“ – რამდენად შეესააბამება იგი ქართულ რეალობაში არსებულ მსგავს პროფესიას?

საფრანგეთის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, ჟორჟ პერტუიზეს (Georges Pertuiset) განმარტებით, სომელიე ეს არის ადამიანი – “რომელიც პასუხს აგებს რესტორანში სასმელების მირთმევაზე, ეხმარება კლიენტს ღვინისა და სხვა სასმელების შერჩევაში, სწორად სერვირებაში და ემსახურება იმ მომენტამდე, ვიდრე ეს უკანასკნელი დარბაზს არ დატოვებს.”

სომელიეს მოვალეობაში ასევე შედის ღვინის ბარათის შედგენა, სასმელის მარაგის გაკონტროლება, იგი პასუხისმგებელია  ღვინის შესყიდვაზე.

ეს პროფესია საზღვარგარეთ მოთხოვნადია და შესაბამისად ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. სწავლება მიმდინარეობს სპეციალურ  სკოლებში, სადაც ღვინის ისტორიისა და მეღვინეობის შესახებ თეორიული ცოდნის მიღების გარდა, მომავალი სომელიეები შეისწავლიან ღვინის არომატების დადგენას, ყურძნის სახეობის ამოცნობას, ასევე მისი წარმომავლობისა და ასაკის დადგენასაც კი.

კლიენტი ფულს იმაში იხდის, რომ მისი გემოვნება და მოთხოვნები დაკმაყოფილებულ იქნეს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური საკითხია. სომელიეს მოეთხოვება დახვეწილი მანერები, არტისტულობა, კარგი იუმორის გრძნობა და აზროვნების სისხარტე. მან მცირე დროში უნდა გამოიცნოს კლიენტის განწყობა, ხშირად  სოციალური სტატუსი და წარმომავლობაც კი.

ჩვენთან, საქართველოში კი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რას წარმოადგენს ეს პროფესია. ნაწილს მხოლოდ დეგუსტატორი ჰგონია, სხვებს კი რესტორნის მომსახურე პერსონალი, რომლის მოვალეობა ღვინის ლამაზად დასხმაა.

„სომელიე“ (sommelier) – ფრანგული სიტყვაა და რუსულსა და ინგლისურში მისი  მნიშვნელობის ზუსტი თარგმანი არ არსებობს. ქართულში კი ის შეიძლება ჭაშნაგირს შევადაროთ.

თუმცა ჭაშნაგირს სულ სხვა მოვალეობები ჰქონდა. “ხელმწიფის კარის გარიგებაში” ჭაშნაგირის მოვალეობას ასე განმარტავენ: გემოს წინასწარ გამსინჯავი საჭმელ-სასმელისა, რათა მოსუფრალნი დაეზღვია მოწამვლისაგან.

მოკლედ ჭაშნაგირი  “სომელგურმანიე” გამოდის და მეფის კარზე მყოფი ჭაშნაგირი ფაქტობრივად მაშინდელი კამიკაძე იყო.🙂 იმედია, დღევანდელ ქართულ ბაზარზე სომელიეს თუ ჭაშნაგირს რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, არა მარტო სოციალური სტატუსის განსაზღვრა, არამედ კლიენტების ფალსიფიცირებული, წყალგარეული და დაძმარებული ღვინისგან დაცვა არ მოუწევს. ამასთანავე იმედი უნდა იქონიონ, რომ ღვინო ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხო იქნება.🙂