სასტუმრო კომპლექსმა თერმ ვალსმა, რომელიც გრაუმბუდენში მდებარეობს, კლიენტები ახალი რეკლამით გააოცა, რომლის  სლოგანიც ასე ჟღერს: “ძალა სიხარულის მეშვეობით”.

სწორედ იმ კლიენტებს შორის აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც დაადგინა, რომ ზუსტად ასე ერქვა ერთ-ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ჰიტლერის დროინდელ გერმანიაში მოქმედებდა. თავად  სასტუმრო კომპლექსი უნიკალურია თავისი ადგილმდებარეობით, ნაგებობებითა და წყლით. სასტუმროში 140 ნომერი და თერმული აბაზანაა, რომელთა ტემპერატურა 14-დან 42 გრადუსამდე მერყეობს.

რაც შეეხება ფრაზას  “ძალა სიხარულის მეშვეობით”, გერმანულად იგი ასე ჟღერს “Kraft durch Freude”. ეს წარსულს ჩაბარებული ჰიტლერული “ნაციონალ-სოციალისტური ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს გერმანელი ერის სრულყოფას”.

ამ ფრაზასთან დაკავშირებით სასტუმროს დირექტორმა ვერა ვიხმანმა და ადმინისტრაციული საბჭოს პრეზიდენტმა სტეფან შმიდმა წერილობითი ბოდიში უკვე მოიხადეს. მათ ფრაზას სამწუხარო გაუგებრობა უწოდეს და წუხილი გამოთქვეს, რომ ამით ნაცისტური გერმანიის ქმედებებთან გარკვეული ასოციაცია გაჩნდა.