პირველი ღამე

ბავშვობა:  როგორც დედაჩემი ამბობს, ყოველთვის უცნაური ბავშვი ვიყავი. სიმართლე გითხრათ, უცნაურის განსაზღვრება წესიერად ახლაც არ მესმის, უფრო სწორად, თავისებურად მესმის…

ისევე, როგორც ყველა ბავშვს, მეც მქონდა აკვიატება-ვაგროვებდი ბარბის თოჯინებს. ერთ დღესაც, 12 წლის ასაკში, გამოვაცხადე, რომ ჩემს სახლს, ახალ წელს, განსაკუთრებული ნაძვის ხე მოუხდებოდა. სამტრედიაში დიდი სახლი, მაქვს, მართალია, დაუმთავრებელია (დედაჩემმა ააშენა, თუმცა ვეღარ მოასწრო დასრულება), მაგრამ, ძალიან მიყვარს იქაურობა. დიდი ხანია არ ვყოფილვარ და მომენატრა კიდეც. ფერებისგან განებივრებული ბავშვი ნამდვილად ვიყავი, ორი ქალი მზრდიდა – დედა და ბებია, ანუ დიდი ლილი.

ფინანსურად ძლიერად არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ, როცა ჰქონდათ, ყველაფერი საუკეთესო ჩემთვის უნდოდათ. ჰოდა, ჩემს სურვილებს, უჭირდათ, თუ ულხინდათ ყოველთვის აკმაყოფილედნენ. დიდ სახლს, დიდი ჭერი აქვს, და ყოველ ახალ წელს, ცოცხალი, მაღალი ნაძვი მოჰქონდა ხოლმე დიდ ლილის. ხელოვნური არასოდეს მომწონდა!

როცა სათამაშოები გამოიტანა, ავტეხე აჟიოტაჟი, არ მინდა მე სათამაშოები, წელს განსხვავებული ნაძვის ხე მექნება-მეთქი. დედაჩემმა, როგორც ყოველთვის დაიწყო ჩხუბი, მაგრამ ბებო რა ბებოა, თუ შვილიშვილის მხარე არ დაიჭირა?! ჰოდა დედაჩემი გვერდით გაიხმო, ვადროვოთ ბავშვსო.

ჰოდა, მადროვეს… გამოვზიდე ჩემი ბარბის სათამაშო თოჯინები, კისერზე მოვაბი თოკები და მთელი ნაძვი, ბარბის თოჯინებით გავაწყვე.

”რა უცნაური ხარ დედა” – დედაჩემის შეფასება.

მოკლედ, იმ წელს ძალიან ლამაზი ნაძვის ხე მქონდა. ყველა, ვინც საახალწლოდ სტუმრად მოდიოდა, ნათესავი, მეზობელი, კლასელი აღფრთოვანებული იყო ჩემი ნაძვის ხით და მე – ბედნიერად ვიღიმოდი. მომწონდა, რომ განსხვავებული ნაძვის ხე მქონდა..

სიყვარული:  თუ უცნაური ბავშვი ვიყავი, მაშინ სიყვარულიც უცნაური მეცოდინებოდა, ხომ ლოგიკურია?! ჰოდა, ბარბის თოჯინების შეგროვების გარდა, კიდევ მქონდა ერთი აკვიატება: მაღალი, ქერა, ცისფერთვალება ბიჭი, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით დიდი იყო. მან მხოლოდ ერთხელ მაჩუქა ყვავილი – თეთრი ვარდი და სამუდამოდ გაუჩინარდა.

ვარდს, რომელსაც დღემდე ვინახავ, თალინა დავარქვი. გავხსენი დღიური, რომელსაც ზული ვუწოდე და ერთი წლის განმავლობაში ზულის ფურცლებითა და კალმით ველაპარაკებოდი სანთლის, უკეთეს შემთხვევაში ლამფის შუქზე (მაშინ შუქი არ იყო სამტრედიაში). ხო, ამ დღიურსაც დღემდე ვინახავ… ახლა, როცა სასიყვარულო ისტორიებზე ვფიქრობ, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ცხოვრებაში ერთხელ მიყვარდა და მსგავსი გრძნობა, არასოდეს, არასოდეს გამიჩნდება..

სექსი:  ნუ, ჩემი ცხოვრება მაქვს და ჩემი წესები, არ გაგიკვირდებათ ალბათ, ზემოთ დაწერილის შემდეგ თუ გეტყვით, რომ სექსის მიმართაც ჩემებური დამოკიდებულება მაქვს… გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჯანსაღი ურთიერთობები ორ, თავისუფალ ადამიანს შორის ძალიან კარგია. და კიდევ გეტყვით იმას, რომ სექსი თავისუფლებაა! ორის საიდუმლო სერობა, სადაც რაც გინდა, შეგიძლია ის აკეთო. როგორც მოგწონს და როგორც გინდა…

თოჯინა ბარბის ”შავი” მხარე:  ჰმ! როგორ მიყვარდა ბავშვობაში ბარბის თოჯინების შეგროვება?! ახლა არაფერს ვაგროვებ 50 თეთრიანების გარდა, რომელსაც მაშინ ვიყენებ, როცა ხელფასიდან ხელფასამდე ფული აღარ მრჩება. ჰო, რომ არ გამომრჩეს: ფერების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მიყვარს ფერადი სამოსი, იშვიათად მაცვია შავი. სენტიმენტალურიც ვარ და დარდიან-ნაღვლიანიც, დალხენილად არ მიცხვოვრია, ამავდროულად, როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა ინფანტილურიც ვარ, არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც.. ისე, თოჯინები დღემდე მიყვარს!

ჰოდა, ერთ დღესაც, როცა, ინტერნეტში დავძვრებოდი, მერიელ კლეიტონის საოცარ შემოქმედებას გადავაწყდი. მერიელი ფოტოხელოვანია. მიყვარს შემოქმედი ადამიანები. განსაკუთრებული სიფაქიზით ვეპყრობი მათ. მგონია, რომ გასაფრთხილებელი ქმნილებები არიან. აი, დაახლოებით ისეთები არიან-”არც მიწისა და არც ცისა”. მისი მუზა ბარბის თოჯინებია. არა, ნაძვის ხეზე არ დაუკიდია საახალწლოდ და ამით არ გამხდარა ცნობილი. მან,  მე-20 საუკუნის ერთ-ერთი სიმბოლო, ყოველდღიურობაში გადმოიტანა. ბარბის თოჯინებს საკუთარ ობიექტივში არაბავშვურად ასახავს.

ბარბიც შეიძლება იყოს მარტოსული…

ბარბიც შეიძლება იყოს მარტოსული...

ბოლო ბოთლი არ უნდა დაგელია!

ბოლო ბოთლი არ უნდა დაგელია

გაუბერა…

გაუბერა

გეი წყვილი გამოიჭირეს

გეი წყვილი გამოიჭირეს

დედოფალი ქორწილის წინა ღამით

დედოფალი ქორწილის წინა ღამით

დილა

დილა

ვახშამი გამოვიდა!

ვახშამი გამოვიდა!

კადრი ფილმიდან…

კადრი ფილმიდან

მეზობელ ოთახში

მეზობელ ოთახში

მონადირე

მონადირე

ნერვებმა გიმტყუნა

ნერვებმა გიმტყუნა

ნიშნობის ბეჭედი ჩაუვარდა

ნიშნობის ბეჭედი ჩაუვარდა

ნუ მიყურებ!

ნუ მიყურებ!

ოჯახი

ოჯახი

პირველი ღამე

პირველი ღამე

პოზირება

პოზირება

რას მიირთმევდით დილით?!

რას მიირთმევდით დილით.

სათამაშოები

სათამაშოები

საქალწულე აპკი

საქალწულე აპკი

უნდა დაგაბა

უნდა დაგაბა

უძილობა

უძილობა

ფოტოსესია

ფოტოსესია

ქალბატონი

ქალბატონი

მერიელ კლეიტონი საკუთარ შემოქმედებას იუმორის თვალით უყურებს, ისევე როგორც მე ჩემს მძიმე ბავშვობას, გაუმართლებელ სიყვარულს, სექსს და ბარბის თოჯინებით მორთულ ნაძვის ხეს.

მოამზადა ხატია ალფაიძემ