რამდენიმე დღის წინ სოციალურ მედიაში საინტერესო ფოტო დაიდო… 6 იანვარს Reddit-ის მომხმარებელმა დაპოსტა სურათი, მოყოლილი წარწერით „ფიზიკურად ყველაზე დიდი რა გამოგიწერიათ ამაზონიდან? იმიტომ რომ, მგონი ჩემს მეზობელს მიუვიდა…“

[photo 1]

საინტერესოა მართლა, მაგრამ სოცმედიაში ხრიკები ვის არ უთამაშია? მაინც, ამ შემთხვევაში ყველაფერი აქ არ დამთავრებულა. მალევე ჯენ აიერსმა, CBS-ის ერთ-ერთი პარტნიორი კომპანიის სოციალური მედიის რედაქტორმა, ტვიტერში მსგავსი ფოტო დადო, რომელიც მისმა ერთ-ერთმა „მდევნელმა“ გაუგზავნა.

photo-2

@jenayres: „რა არის თქვენი აზრით ამ ყუთში? გიგანტური რეკლამა?“

უცნაურმა ფოტოებმა ბევრი სპეკულაცია გამოიწვია, და რედიტის მარდმა მომხმარებლებმაც უცებვე ჩაატარეს ინტერნეტ-გამოძიება და აღმოაჩინეს შარშან ნახსენები დაგეგმილი პრომოუშენი ნისანისგან, რომლის მიხედვითაც ახალი Nissan Versa Note-ის სამი იღბლიანი მყიდველი მანქანებს გიგანტურ Amazon.com-ის ყუთებში მიიღებდა.

ამ ამბის ბოლომდე მაინც არავის სჯეროდა მანამ, სანამ Adage.com-ის ჟურნალისტმა პირადად არ თხოვა ნისანის წარმომადგენელს დაედასტურებინა ხმები. ყველაფერი ზემოთხსენებული სიმართლე აღმოჩნდა.

Nissan Versa Note, რომელიც სულ ახალი მოდელია 2014 წლისთვის, საინტერესო პარტნიორობის შედეგად აღმოჩნდა Amazon.com-ზე – სადაც, უამრავი წესდების თანახმად, მანქანების ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელია. მაგრამ ამ შემთხვევაში სამ მოდელზე ნებართვა გაიცა, და ისინიც მალევე დაიტაცეს. ამაზონის მარდმა შემფუთავებმა ტრადიციას ამ შემთხვევაშიც არ უღალატეს.

პრომოუშენი თურმე სრულმასშტაბიანი ყოფილა – ნისანმა თითოეული „მოგებული“ ვიდეოზე გადაიღო და დამონტაჟებულ კლიპებს სულ რამდენიმე კვირაში გამოუშვებს. უბრალოდ არ გამოუვიდათ ამოდენა პაკეტების „დამალვა“ და, როგორც ხდება ხოლმე, ყველაფერმა ოდნავ ადრე გაჟონა!

photo-3