Image

დიდი გუგლის მოღვაწეობა ინოვაციურ ტექნოლოგიებში მხოლოდ ქვის ხანის ადამიანებმა თუ არ იციან (თუმცა, გუგლი დროის მანქანას რომ გამოიგონებს, მაგასაც გამოასწორებს), კომპანიის ათასი და ერთი წამოწყებიდან ზოგი წარმატებული იყო, ზოგიც – არა, მაგრამ ზოგადი კონსენსუსი ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ ინტერნეტში რაიმეს მოძიება ან ელექტრონული ფოსტის შემოწმება რომ გვინდა – ხშირ შემთხვევაში დასახმარებლად მორბის სწორედ Google.

კომპანია ბოლო წლებია დიდ ტალღებს იწვევს მისი საინტერესო „მომავლის“ სათვალით – მოწყობილობით, სახელწოდებით Google Glass. გარკვეული პერიოდია, პროტოტიპი უკვე ხელში უვარდებათ დეველოპერებს და სხვადასხვა სადემონსტრაციო ღონისძიებებს მსოფლიოს გარშემო, და ისე მოხდა, რომ ჩვენმა „ჯეოსელმა“ სწორედ ასეთი პატარა პრეზენტაციის ჩატარება გადაწყვიტა. ვერ მოვითმინე და მეც ჩავძვერი ამ უცხო ხილის გასასინჯად.

საპრეზენტაციო ოთახში სტენდზე მოთავსებული მოწყობილობა თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი მზის სათვალისგან – სანამ არ შევამჩნიე წასქელებული მარჯვენა „მტევანი“, და პაწაწინა შუშის კუბი მარჯვენა თვალის ზემოთ, სწორედაც რომ Glass გარნიტურა. ერთ-ერთი რაც თავიდანვე გვითხრეს იყო ის, რომ Glass-ის „ბლოკი“ ძალიან ადვილად მაგრდება და იხსნება სხვადასხვაგვარი სათვალეების რამებიდან, და შედეგად მოსახმარადაც კომფორტულია.
ImageImage
Google Glass-ის უკანმდებარე დიდ ეკრანზე მიდიოდა მოწყობილობის პაწაწუკა დისპლეის პირდაპირი სტირმინგი, რათა დამსწრეებს ენახათ რა ხდებოდა სათვალეში პრეზენტაციისას. ბევრი კითხვების და პასუხების შემდეგ, დადგა ნანატრი hands-on მომენტიც.

რომ იკეთებ, თავისუფლად ჯდება ცხვირზე. არაფერი გიფარავს ხედვას, მაგრამ მყისვე ამჩნევ პატარა ოთხკუთხედ „სიშავეს“ ოდნავ ზემოთ და მარჯვნივ. თავის მაღლა აწევით ან მოწყობილობაზე თითის შეხებით, პატარა კვადრატი ინთება და ელოდება თქვენს ბრძანებებს. Google Glass აქტიურია!

საინტერესოა, რაოდენ მრავალმხრივი ინტერაქციის საშუალებები ჩანერგეს გუგლის გენიოსებმა. სისტემის მართვის ორი სრულფასოვანი ხერხი არსებობს – ხმოვანი ბრძანებები და ტაჩპედი, რომელიც სათვალის მარჯვენა მხარის გაყოლებაზეა, და მარტივი თითების გასმებით ახორციელებს „შუშის“ მენიუში ნავიგაციას და ოპერაციების ჩატარებას. და თუ ესეც ზედმეტად არქაულია თქვენთვის, „სქროლინგი“ შესაძლებელია თავის მარტივად ზევით ან ქვევით დახრით. ყველამ გადავწყვიტეთ დაგვეწყო პირველი მეთოდით.

კოდური ფრაზა „Ok, glass!” აუწყებს სათვალეს, რომ უკვე შემდგომი წინადადება პირდაპირი ბრძანება იქნება. მრავალი ფუნქციიდან ჩვენ ვცადეთ ფოტოების გადაღება, ვიდეოს ჩაწერა, ინტეგრაცია გუგლის სხვადასხვა სერვისებთან (შერინგი Google Plus-ზე, ვიდეოზარები Hangout-ით), და სასაცილო თამაშები რომელიც თავის მოძრაობით იმართება და პაწაწინა დისპლეიზე გასაოცრად მკვეთრად გამოიყურება. თავდაპირველი დისორიენტაცია მოსალოდნელი პრობლემა იყო, მაგრამ თვალები მალევე შეეჩვივნენ გადახტომებს „შუშიდან“ ნამდვილი სამყაროს აღქმაზე, და მყისვე გამოიკვეთა სათვალის მთელი პოტენციალიც.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მოწყობილიობა მაინც ჯერ მხოლოდ დეველოპერებისთვის და პრესისთვის განკუთვნილი პროტოტიპის სტადიაზეა, და ეს იკვეთება ტექნიკურ მხარეში. შედარებით მძლავრი არქიტექტურა (1.5Ghz პროცესორში, 16GB შიდა მეხსიერება და 720p ვიდეოგადაღება) ითხოვს მასიურ ენერგიას და სრულ დატვირთვაზე Google Glass სულ 2-3 საათი ძლებს. პლიუსი ისაა, რომ როგორც გუგლის პროდუქტი, ის იდეაში ჩვეულებრივ ანდროიდზე მომუშავე დივაისია – უერთდება ნებისმიერ კომპიუტერს USB-კაბელით დასატენად და კონტენტის გადასაწერად.

მაგრამ, სანამ ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებიდან გადმოვარდნილი მოწყობილობა კომერციულ ბაზარზე გავა, ბევრი რაიმის შეცვლა და დახვეწაა შესაძლებელი. ამ ფრონტზე ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ არის, მაგრამ პოტენციალი სახეზეა – პირდაპირი გაგებით, თუ გნებავთ – და სხვა არავის მსგავსი წამოწყება ჯერ ჰორიზონტზე არ უჩანს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს საყვარელ Google-ს, და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ჯეოსელს“, რომ ცხვირზე მომავალი მატარებინეს!

ჯეოსელის ახალი კონცეფციის მაღაზიები არის სიახლე საქართველოში და მისი მთავარი მიზანია კომფორტულ გარემოში ერთად მოუყაროს თავი უახლეს მობილურ ტექნოლოგიებს და ხელსაყრელ შეთავაზებებს. ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც გულისხმობს ამ სივრცის, ერთგვარ შემეცნებით სივრცედ ქცევას, სადაც სიახლეების შესახებ ერთ-ერთი პირველები შეიტყობენ აქ მოსული სტუმრები. სიახლეები კი იქნება ძალიან მრავალფეროვანი და მოიცავს იმ სფეროებს, სადაც უახლესი ტექნოლოგიები მნიშვნელოვან, ხშირად რევოლუციურ ცვლილებებს ახდენენ. 

მოამზადა ლაზარე გვიმრაძემ

ImageImageImageImage