Image

მე წავიქეცი და… როცა დილა თენდება, დედაჩემი ფარდას წევს, რომ მზე დავინახო.. როცა მზის დანახვა მბეზრდება, ისევ დედას ვეძახი, რომ ოთახი დააბნელოს.. შემდეგ ვიძინებ. ძილში მესიზმრება, რომ მე ვიცვამ ჯინსებს, კედებს და გავრბივარ.. ფორესთ გამფის მსგავსად გავრბივარ.. უსასრულობისკენ. მივყვები გზას, რომელიც არ სრულდება.. ვეჭიდები მზის სხივებს და კიბით ზეცისკენ ავდივარ.. ამ დროს დედა მაღვიძებს, ჭამის დრო მაქვს. საოცარი ტკივილები მაქვს წელის არეში..

ვკითხულობ ბევრს. ხომ უნდა მოვკლა დრო რამეში… ვცდილობ, არ ვიფიქრო.. მაგრამ როცა წევხარ, სხვა რა საქმე გაქვს.. ჰო, კიდევ ფილმებს ვუყურებ და რაღაცებს ვწერ.. ვწერ რა, ჩემთვის „ვჩხაპნი“ რაღაცებს.

მეგობრებს ხშირად ვხედავ. მოდიან ჩემს სანახავად, ცოტას ვსვამთ, ვუყვებით რაღაცებს ერთმანეთს, ვიხსენებთ ბავშვობის დროინდელ ამბებს, ვთამაშობთ შახმატს.. ვინც წააგებს, მან უნდა გამასეირნოს.. თამაშის ასეთი ფორმა, ჩემმა მეგობარმა ლილამ მოიფიქრა. ზამთარში ცოტა რთულია ჩემი აკიდება, ეტლი მძიმეა.. არაადაპტირებული გარემო ჩემს გადაადგილებას კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის.. მაგრამ ლილა დამპირდა, რომ როგორც კი დათბებოდა, ხშირად გამასეირნებდა..

ხშირად ვიღლები, მაგრამ ამის გამო არავის ვადანაშაულებ. პირიქით, მომავლის იმედი მაქვს და კეთილი ადამიანების. ვიცი, რომ ასეთები არსებობენ..

ზურგი ისე მტკივა. კორსეტით ვიმაგრებ. ნემსებით ვიყუჩებ ტკივილს. არადა, ბოლო 10 წელია ამ თემაზე მუშაობენ და სერიოზული პროგრესია ამ მიმართულებით. თუმცა რაღაც მაინც გვაკლია.. ერთად დგომა გვაკლია.. არადა…

მე პატივს გცემ შენ.. თქვენ.. ყველას. ჩვენში მთელი სამყაროა ჩატეული.. მე პატივს ვცემ იმ ადგილს შენს არსებაში, სადაც, ჩემი და ჩემნაირების სიყვარული და მზრუნველობაა ჩატეული!

მე სულ ცოტა მჭირდება შენგან.. თანადგომა! მე წავიქეცი და.. ზურგის ტვინი დამიზიანდა!

დამეხმარე!

ხატია ალფაიძე

2014 წლის 4 მაისს გაიმართება სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო, ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება – Wings For Life World Run … ჩვენი დროით, 14:00 საათზე, კახეთში, საქართველო ხდება მსოფლიოს ნაწილი და იღებს სტარტს ღონისძიების მონაწილე დანარჩენ 34 ქვეყანასთან ერთად. დავრბივართ ყველა ზურგის ტვინის დაზიანების პრობლემის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად.
 
აქ მთავარი გამარჯვება და სირბილი არ არის, მთავარია მონაწილეობა, რომლითაც გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას შშმ პირების მიმართ. სტატისტიკის მიხედვით, მარტო საქართველოში დაახლოებით 15-დან 18 000-მდე ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, მსოფლიოში კი 3 მილიონზე მეტი ადამიანი საჭიროებს ინვალიდის ეტლს. ძირითადი გამომწვევი მიზეზი კი ავტოსაგზაო შემთხვევებია… ეს საერთო პრობლემაა, გადაჭრის გზების ძიება კი საერთო საზრუნავია… ეს შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს!..
 
გავიაზროთ, რომ მსოფლიო რბენაზე მონაწილეობისთვის არ ვიხდით საფასურს. 20 ლარი, რომელსაც ვიხდით დარეგისტრირების დროს, ირიცხება Wings for Life-ის ფონდში, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
 
ვიყოთ ქველმოქმედები! ვაკეთოთ სიკეთე!
დავრეგისტრირდეთ !
დრო ცოტა გვაქვს. რეგისტრაცია 20 აპრილს სრულდება.