მარგალიტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ქვაა მსოფლიოში. იგი მოიპოვება ოკეანეებში. არსებობს სპეციალური ნაგებობები, ე. წ. ”მარგალიტის ფერმები”, სადაც ხდება მათი შეგროვება და დასუფთავება.

 

მარგალიტებს გამოიმუშავებენ მოლუსკების ზოგიერთი სახეობები, რომელთაც გააჩნიათ ორსაგდულიანი ნიჟარა. ეს ნიჟარები ერთმანეთთან მხოლოდ ერთი გვერდით არიან დამაგრებულები. ამ მოლუსკების შინაგანი ორგანოები გახვეულია ე.წ. მანტიაში, რომელიც გამოყოფს ორგანულ ნივთიერებას კონხიონიდას. უფრო სიღრმეში განლაგებულია ზონა, რომლის უჯრედები გამოყოფენ კალციტს ან არაგონიტს და მოლუსკს გააჩნია მესამე ზონაც, სადაც ხდება კალციუმის კარბონატის უმცირესი ზომის ქერცლების გამომუშავება.

ყველა ეს მასალა თანმიმდევრობით ეფინება მოლუსკის კედლებს და წარმოქმნის სადაფს. თუ ნიჟარაში მოხვდება უცხო სხეული, მაგალითად, ქვიშის მარცვალი, ნივთიერებები დაიწყებენ მასზე დაფენას და რამდენიმე წელიწადში წარმოიქმნება მარგალიტი.

ფერისა და ელვარების მიხედვით არჩევენ რამდენიმე სახესხვაობას: ინდოეთის მარგალიტი – ნაზი ვარდისფერია; ავსტრალიის – სავსებით თეთრი; ვერცხლისფერი ელვარებით და ციმციმით, პანამის მარგალიტს ოქროსფერი ელვარება აქვს, ხოლო იაპონიის მარგალიტი მომწვანო ელფერით გამოირჩევა.

მარგალიტს განსაკუთრებული ადგილი უკავია ძვირფას ქვებში, მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისუნარიანობისა და ხელოვნურად გაზრდილი მარგალიტების კონკურენციისა, ნამდვილი ბუნებრივი მარგალიტი კვლავაც ძალიან ძვირად ფასობს.